Tuesday, May 8, 2012

ბიგ ბენი



ბიგ ბენი არა მხოლოდ ლონდონის, არამედ მთელი დიდი ბრიტანეთის ყველაზე ცნობილი სიმბოლოა. ამიტომაც იყო, რომ 1999-2000 წლების მიჯნაზე სწორედ ბიგ ბენი აირჩიეს საიმისოდ, რომ მას მსოფლიოსთვის ახალი ათასწლეულის დაწყება ეუწყებინა.
ერთ დროს ბიგ ბენი მთელს დედამიწაზე მართლაც ყველაზე მაღალი საათიანი კოშკი იყო, თუმცა ერთი განზომილებით მას პირველობა არც ახლა დაუკარგავს. საქმე ისაა, რომ ბიგ ბენი ახლაც პირველია მათ შორის, რომელიც ოთხივე მხრიდან ციფერბლატებითაა დამშვენებული და რომელიც რეკავს. ბიგ ბენი ოცზე მეტ ფილმში გადაუღიათ, აქედან უმეტესობაში ეს ნაგებობა შავ დღეში ჩავარდნილა: ერთგან ბიგ ბენს ზღვის უზარმაზარი ტალღა ატყდება თავს, მეორეგან იგი ყინულის სუდარაში გახვეულა, მესამეგანაც ყინულის საფარქვეშ ვხედავთ, მეოთხეგან მას მარსიანელები უტევენ, მეხუთეგან უცხოპლანეტელების ხომალდი ეცემა თავზე, მეექვსეგან ბიგ ბენი ისე, როგორც მთელი ვესტმინსტერის სასახლე, დრაკონს დაუნგრევია, მეშვიდეგან კი ელვას უმსხვერპლია... ბიგ ბენს და პარლამენტს არც მუტანტები აკლებენ ხელს და არც კოშკის საათის გიგანტურ მექანიზმში სამკვდრო-სასიცოცხლოდ მებრძოლები... აი, დოკუმენტურ სერიალში "სიცოცხლე უადამიანებოდ" კი ბიგ ბენს არც ადამიანები ანგრევენ, არც უცხოპლანეტელები აფეთქებენ და არც მუტანტები თუ დრაკონები. მას არც მოვლენილი სტიქიური უბედურება ანადგურებს, მაგრამ უადამიანებოდ დარჩენილ დედამიწაზე ჟამთასვლა მაინც თავისას შვება და ნელ-ნელა ბოლოს უღებს და ანადგურებს. შეძახილმა ხე გაახმოო და ბიგ ბენს იმდენი კატასტროფა დაატეხეს თავს, იმდენი უბედურება მოუვლინეს და იმდენი შავი დღე უწინასწარმეტყველეს, რომ იგი მგონი ახლა საკუთარი აღსასრულისკენ თავისითაც მიექანება. მანამდე კი ვდგავარ და უკანგადაგდებული თავით ავცქერი ცაში ატყორცნილ ამ საათიან კოშკს. ნელ-ნელა ბრუნავენ მისი ვეება ისრები, გვიჩვენებენ დროს, გვაფიქრებენ აწმყოზე, მომავალზე და წარსულსაც გვახსენებენ. და რაკი ეგზომ პოპულარულია ბიგ ბენის საათიანი კოშკი, მისი გიგანტური ზომა-წონაც გავიხსენოთ და შიგნითაც შევიჭყიტოთ, თუმცა ჩვენ, ჩვეულებრივ უცხოელ მოკვდავთ, იქ ვინ შეგვახედებს - ბიგ ბენს კარს მხოლოდ ინგლისის მოქალაქეებს და მათაც ადგილობრივი დეპუტატის წერილობითი ნებართვის მერე უღებენ. ოღონდ კოშკში ლიფტი არაა და მათ ფეხით 334 საფეხურის ავლა უწევთ. არადა, კოშკის სიმაღლე შპილიანად 96,3 მეტრია. თითოეული ციფერბლატი, კოშკის ოთხივე მხარეს რომ ამშვენებს, 7-7 მეტრიანი დიამეტრისაა. წუთების მაჩვენებელი სპილენძის ისრები სიგრძეში 4,2-4,2, ხოლო საათის მაჩვენებელი თუჯის ისრები 2,7-2,7 მეტრს აღწევენ. საათის 5-ტონიანი მექანიზმი დედამიწიდან 55 მეტრის სიმაღლეზე დაუმონტაჟებიათ, ხოლო მისი მთავარი ზარი 13,76-ტონიანია, თუმცა თავდაპირველად უფრო მძიმეც იყო.ეს ზარი 1856 წელს ჩამოასხეს სტოკტონში. მისი ლონდონში გადასატანად, რასაც მთელ გზაზე უამრავი ხალხი მიაცილებდა, 16 ცხენის შებმა გახდა საჭირო. სამწუხაროდ, როცა ეს ზარი გამოსაცდელად დარეკეს, გაიბზარა და გასარემონტებელი გახდა. ამის მერე იგი 13,76 ტონამდე შემსუბუქდა, თუმცა იმ დროს მსოფლიოში მაინც ყველაზე მძიმე ზარი იყო. ახლა ამ ზარს რაღაც უცნაური, სპეციფიკური ჟღერადობა აქვს და ამბობენ, ეს იმ ბზარის გამოძახილიაო. ამ დიდი ზარის გარდა საათს კიდევ ოთხი მომცროც აქვს, რომლებიც ყოველ თხუთმეტ წუთში მელოდიურად რამდენიმე ტაქტს უკრავენ, ყოველ ნახევარ საათში იმ მელოდიის უფრო გრძელი მონაკვეთი გაისმის, ხოლო ყოველი საათის მერე მუსიკის ნაწყვეტი ბოლომდე სრულდება. ეტყობა, იმ ზარის მელოდიის ავტორი მაინც უცნობია. ყოველ შემთხვევაში, ერთნი ირწმუნებიან, მისი ავტორი უილიამ კროტჩი გახლავთო, მეორენი მას სავარაუდო ავტორად მიიჩნევენ, ხოლო მესამენი დიდ გერმანელ კომპოზიტორს მენდელს ასახელებენ. აი, მეოთხენი კი, ეტყობა, ჩემსავით დაბნეულან და ამ თემაზე დუმილს ამჯობინებენ. ამიტომ, ჯობია, ჩემთვის ბურუსით მოცულ ამ უღრან ტყეში ბორიალს მოვეშვა და ბიგ ბენის ნათელ მხარეზე ვისაუბრო, ოღონდ... მთლად ნათელი არც თავად ბიგ ბენის სახელის წარმომავლობაა. ამბობენ, ბიგ ბენი ანუ დიდი ბენი არა კოშკს, საათს, ან ორივეს ერთად კი არა, არამედ დიდ ზარს ჰქვია, რომელმაც ეს სახელი მისი ჩამოსხმის ხელმძღვანელის სერ ბენჟამინ ჰოლის საპატივცემულოდ მიიღო, სხვები კი მის სეხნია კნაუტზე მიუთითებენ, რომელიც თავის დროზე მეტად პოპულარული მძიმეწონოსანი მოკრივე იყო. ოფიციალურად ამ საათს თუ კოშკს "ვესტმინსტერის სასახლის საათიან კოშკს" უწოდებენ, თუმცა ზოგჯერ მას მოიხსენიებენ როგორც "წმინდა სტეფანეს კოშკს" ან "პარლამენტის საათიან კოშკს". ბოლოს გამოჩნდა პარლამენტარი ტობიას ელ-ვუდსი, რომელმაც შემოგვთავაზა, დედოფალ ელისაბედ მეორის ბრილიანტის საიუბილეოდ, ბრიტანეთის ტახტზე ასვლის 60 წელი რომ უსრულდება, ბიგ ბენს მისი სახელი ვუწოდოთო. ჰო, დიდი ბრიტანეთის დედოფლის იუბილეზე რომ ჩამოვარდა სიტყვა, ისიც გავიხსენოთ, რომ ბიგ ბენის საათის ოთხივე ციფერბლატს ქვემოდან ამშვენებს წარწერა: "ღმერთო, დაიცავი ჩვენი დედოფალი ვიქტორია!" კოშკის პერიმეტრზე, საათების მარჯვნივ და მარცხნივ კი ასევე ლათინურად ვკითხულობთ: "LAUS DEO" - "დიდება ღმერთს!" "დიდება ღმერთს!" - მეც გუნებაში ვიმეორებ და ისევ უკანგადაგდებული თავით ავცქერი ცაში ატყორცნილ ამ საათიან კოშკს. ნელ-ნელა ბრუნავენ მისი ვეება ისრები, გვიჩვენებენ დროს, გვაფიქრებენ აწმყოზე, მომავალზე და წარსულსაც გვახსენებენ.ჩვენც გავიხსენოთ ამ კოშკის ისტორია. ვესტმინსტერში საათიანი კოშკი თავდაპირველად ჯერ კიდევ 1288 წელს აიგო, მაგრამ 1834 წელს იგი ღამით გამძვინვარებულმა ხანძარმა იმსხვერპლა. ამჟამინდელი კოშკი, როგორც ახალი სასახლის შემადგენელი ნაწილი, 1858 წელს აშენდა. მართალია, ნეოგოტიკური სტილის პარლამენტის ახალი შენობის მთავარი არქიტექტორი ჩარლზ ბერი იყო, მაგრამ საათიანი კოშკის დიზაინის ავტორობა მან აუგუსტ პიუჯინს მიანდო. სამწუხაროდ, პიუჯინისთვის ეს პროექტი, რომელსაც იგი თავის ცხოვრებაში ყველაზე რთულს უწოდებდა, უკანასკნელი აღმოჩნდა, რადგან იგი მალე ჭკუიდან შეიშალა და გარდაიცვალა. რაც შეეხება საათის მექანიზმს, მისი პროექტის ავტორები იყვნენ ვექილი და მოყვარული მესაათე ედმუნდ ბეკეტ დენისონი და ჯორჯ პირი, რომელიც სამეფო ასტრონომი გახლდათ. მათ მიერ დაპროექტებული მექანიზმის აწყობა მესაათე ედვარდ ჯონ დენტს დაეკისრა. მიუხედავად იმისა, რომ მათი ნახელავი საათის მექანიზმი, მისი ქანქარა და ზარები 20 ტონაზე მძიმეა, იგი დროს საოცარი სიზუსტით გვიჩვენებს. მეორე მსოფლიო ომის დროს ლონდონი რომ იბომბებოდა, ჭურვმა ორი ციფერბლატი დააზიანა, კოშკის სახურავიც მოგლიჯა, სხვაც ბევრი რამ დაანგრია და საათის მექანიზმიც დააზიანა. ამის მერე ბიგ ბენის საათმა სიზუსტე, ცოტა არ იყოს, დაკარგა. ამბობენ, სწორედ ამის მერე მოიფიქრეს ძველი ინგლისური პენის გამოყენებაო. ლამის ოთხმეტრიან და 300-კილოგრამიან ქანქარაზე სწორედ იმ ერთი პენის დადება დღე-ღამეში მის ორი წამით აჩქარებას იწვევს, რითაც საათის სიზუსტეს არეგულირებენ. და დიდი სიზუსტით ბრუნავენ და ბრუნავენ ბიგ ბენის საათის ისრები. მისი დიდი ისრები, როგორც დაადგინეს, წელიწადში 190-კილომეტრიან წრეს კრავს. და თუ ასეა, გამოდის, რომ მისი ამუშავების დღიდან, 1859 წლის 31 მაისიდან დღემდე, თუ რამდენიმეჯერ ცოტაოდენ შეფერხებას არ ჩავთვლით, იმ ისარს 29070 კილომეტრი დაუფარავს. ...ნელ-ნელა ბრუნავენ ვეება ბიგ ბენის საათის ისრები, გვიჩვენებენ დროს, გვაფიქრებენ აწმყოზე, მომავალზე და წარსულსაც გვახსენებენ. გვახსენებენ იმასაც, რომ ბიგ ბენის საათიანი კოშკი ყოველთვის მხოლოდ დროის მაჩვენებელი არ ყოფილა. იგი სატუსაღოც ყოფილა, რომელშიც მეტად აბობოქრებულ პარლამენტარებს ამწყვდევდნენ. ბიგ ბენის ბოლო ასეთი პატიმარი ემელინ პანკჰერსტი აღმოჩნდა, რომელიც ბრიტანელი სუფრაჟისტების მოძრაობას ლიდერობდა და ისეთი თავგამოდებით იცავდა ქალთა უფლებებს, რომ დასაშოშმინებლად რამდენჯერმე დასატუსაღებლად გაიხადა საქმე. ემელინ პანკჰერსტი 1928 წელს გარდაიცვალა, ორი წლის მერე მისი ძეგლი ბიგ ბენის არა, მაგრამ ვიქტორიას კოშკის მახლობლად პარკში აღმართეს, ის საათის ისრები კი ძველებურად ბრუნავენ. ბიგ ბენის ზარებიც ძველებურად რეკენ, მაგრამ განგაშის ზარებიც გაისმის. ამბობენ, ბიგ ბენის კოშკი, მიუხედავად იმისა, რომ მისი ბალავერი მიწისქვეშ 4 მეტრის სიღრმეზე 15-მეტრიან ბეტონის ფუნდამენტზეა დაფუძნებული, თანდათან ისე იხრება გვერდზე, რომ ეს უკვე შეუიარაღებელი თვალითაც ჩანსო. ამას ტურისტებიც ადასტურებენ და გაკვირვებულნი ამბობენ, ბიგ ბენი რაღაც მთლად ვერტიკალურად არ დგასო.  ბიგ ბენის კოშკი მრავალი წელია, რაც იხრება, მაგრამ ეს პროცესი განსაკუთრებით დაჩქარდა მას მერე, რაც გასული საუკუნის 70-იან წლებში მის მახლობლად მეტროს ახალი ხაზი გაიყვანეს და მიწისქვეშ ავტოსადგომიც მოაწყვეს, - ამბობს ლონდონის საიმპერიო კოლეჯის საპატიო პროფესორი ჯონ ბელი, - წინათ თუ კოშკი წელიწადში მხოლოდ 0,65 მილიმეტრით იხრებოდა, ახლა ეს მაჩვენებელი 0,9 მმ-მდე გაიზარდა. ამ ტემპით ბიგ ბენის დახრილობა პიზის კოშკისას რომ გაუთანაბრდეს, 4 ათასი წელია საჭირო.სხვები უფრო მუქ ფერებში ხატავენ ბიგ ბენის მომავალს... 

No comments:

Post a Comment